სერგი კაპანაძე - „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს არა საგამოძიებო კომისია, არამედ როგორღაც შეიტყუონ ოპოზიცია შიგნით
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხმაურება. კაპანაძის თქმით, სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება საუბრობს საგამოძიებო კომისიაზე, რადგან კარგად ახსოვს საზოგადოებას, როგორ ექცეოდა „ქართული ოცნება“ პარლამენტის ისტორიაში ერთხლ შეკრებილ კომისიას.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის საგამოძიებო კომისია არის ალიბი, რათა როგორღაც მიიღონ პარლამენტის ლეგიტიმაცია და შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში.
„სირცხვილია, როდესაც „ქართული ოცნება“ საუბრობს საგამოძიებო კომისიაზე, ის „ქართული ოცნება“, რომელიც ამ პარლამენტის ისტორიაში ერთხელ შეკრებილ საგამოძიებო კომისიას როგორ ექცეოდა, ძალიან კარგად ვიცით. ახლა მათთვის საგამოძიებო კომისია არის უბრალოდ ალიბი, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია როგორღაც მიიღონ და ოპოზიცია შევიდეს შიგნით. ამიტომ, მათ საგამოძიებო კომისია კი არ აინტერესებთ, არამედ აინტერესებთ ის, რომ როგორღაც შეიტყუონ ოპოზიცია შიგნით. ეს ამბავი არ გამოვა, რა თქმა უნდა, ჩვენ პარლამენტში შეგვიძლია შესვლა, თუმცა მანამდე უნდა მოხდეს შეთანხმება არჩევნებთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს შეთანხმება პოლიტიკურ პატიმრებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა თემებზე.“ – განაცხადა კაპანაძემ.