სერგი კაპანაძე - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის „ქართულ ოცნებას“ „ევროპული საქართველოს“ 20 ხმა ექნება
სერგი კაპანაძე - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის „ქართულ ოცნებას“ „ევროპული საქართველოს“ 20 ხმა ექნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ევროპული საქართველოს“ 20 ხმა ექნება. როგორც ჟურნალისტებს კაპანაძემ განუცხადა, გასაგებია, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი ცვლილებებს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, სისტემა სწორედ იმიტომ უნდა შეიცვალოს, რომ მორგებულია მაჟორიტარებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ემსახურებიან.

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი არითმეტიკა შიგნით უნდა დაალაგოს. სრულიად დაუჯერებელია, როცა დღემდე ამბობენ, რომ ხმები არ ექნებათ. ჩვენი 20 ხმა ექნებათ“, – განაცხადა კაპანაძემ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ საარჩევნო თემატიკაზე მუშაობისას მსჯელობა იქნება ნულპროცენტიან ბარიერსა და ბლოკების დაშვებაზე.

„თუ გაუმჯობესება არ იქნება, შემოთავაზებულს მხარს დავუჭერთ, რადგან გაცილებით უკეთესი სისტემაა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.

კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.