სერგი კაპანაძე - ნიკა მელიას განცხადება არის განსხვავებული გზავნილი, რაც ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობისგან“ გვესმოდა, ეს არის კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯი
ეს არის განსხვავებული გზავნილი იმისგან, რაც ბოლო დღეებში გვესმოდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლების მხრიდან. ბუნებრივია, ეს არის კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსი ოლქის დათმობას.
„იმედი გვაქვს, რომ ახლა ამას მოჰყვება საქმე და ძალიან მალე შევთანხმდებით პირველ რიგში თბილისზე, როგორც ეს იყო ნათქვამი დღეს, მათ შორის ნიკა მელიას განცხადებაში. შემდეგ უკვე რეგიონებში, კონკრეტულ ოლქებში განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებში. ესეც იყო ნათქვამი და ესეც არის ძალიან სწორი.
ჩვენი ამოცანა ახლა იქნება, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე გავაფორმოთ, რადგან ეს საკითხი გადავიდეს დღის წესრიგიდან. ყველაფერი კონსულტაციების შედეგად გადაწყდება. კონკრეტული კანდიდატები არსებობენ, პოლიტიკურ ლიდერებზეა საუბარი, ყველა პოლიტიკურ ძალაში, რომლებიც ამ კონსულტაციებში მონაწილეობენ. შესაბამისად, ეს შეთანხმება იქნება კონკრეტული ინდივიდების გარშემო. მორიგი შეხვედრა მალე გამოცხადდება“,- განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, ნიკა მელიას დღევანდელი განცხადება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა და ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
„ჩვენ რაც ვიცოდით, იმაზე დღეს გავაკეთეთ კომენტარი, ჩვენი მოწოდება იყო გამომდინარე იმ რიტორიკიდან, რომელიც მოვისმინეთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ეს იყო პასუხი ჩვენს განცხადებაზე. კიდევ ერთხელ, არანაირი შეთანხმებული არ ყოფილა“,- განაცხადა კაპანაძემ.