ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის რვა მაჟორიტარულიდან ექვს ოლქს თმობს და საარჩევნო კამპანიას მხოლოდ სამგორსა და გლდანში იწყებს
ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის რვა მაჟორიტარულიდან ექვს ოლქს თმობს და საარჩევნო კამპანიას მხოლოდ სამგორსა და გლდანში იწყებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, მათი პარტია თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს ოლქს თმობს და ხვალიდან პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – სამგორსა და გლდანში დაიწყებს.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ პერიპეტიებს საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. ეს ვნებათაღელვა სულ უფრო მატულობს და ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ, უადგილოდ. „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანშია ამოღებული, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია. სამწუხაროდ, რამდენიმე სუბიექტმა ჩათვალა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხელშემშლელი ფაქტორი შეთანხმების მისაღწევად მაჟორიტარულ ოლქებზე და განსაკუთრებით თბილისში საერთო კანდიდატებზე. ამის საფუძველი არ არსებობდა პირველივე დღიდანვე. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ყველა შეხვედრაზე წარმოვადგენდი და წარმოვადგენ პარტიის ინტერესებს უშუალოდ მე. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგული რჩებოდა და რჩება ერთობის მიმართ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თავი რომ არ ვიმართლოთ და ეს საკითხი რომ დავხუროთ, გადავერთოთ ყველანი ხალხის პრობლემების მოგვარებაზე, ძალიან მოკლედ და კონკრეტულად მინდა გავაკეთო განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს მაჟორიტარულ ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის პარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის. ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. ხვალიდან საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ ორ რაიონში, ეს არის სამგორი და გლდანი.

„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და გზას უხსნის ყველა მომსვლელ ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება და წარმოდგენილები ვიყოთ ყველა ოლქში ძლიერი კანდიდატებით. ყველა სხვადასხვაგვარი ოპოზიცური განწყობის მქონდე ამომრჩეველი იქნეს დაკმაყოფილებული არჩევნების დღეს. ვფიქრობ, ამით ბევრი რამაა ნათქვამი. ამას ბევრი არ მოელოდა, მაგრამ ძალიან საწყენი იყო, რომ არ მოელოდა“,- განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიას რეგიონებშიც იწყებს. როგორც მელია აცხადებს, მზად არიან, იბრძოლონ არამარტო მათი კანდიდატების, არამედ სხვა მაჟორიტარი კანდიდატების გასამარჯვებლად.

„რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე იწყებს საარჩევნო კამპანიას. განვიხილავთ ჩვენს კონკურენტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შესაძლებლობას, ყველანი ერთად ქართველ ხალხს დავარწმუნებთ, რომ ძლიერი ოპოზიციური კანდიდატი იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან რეგიონებში. ასეთ შემთხვევაშიც, მზად ვართ, რეგიონებშიც გამოვიჩინოთ ეროვნული ინტერესი. ეს ეროვნული ინტერესი დღეს არის ერთიანობა.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ეს იქნება ალეკო ელისაშვილის პარტია, „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“ და სხვა პარტიის ლიდერები, რომ ერთმანეთში შეთანხმდებიან და ექვს დამატებით ძლიერ კანდიდატს წარუდგენენ თბილისის ამომრჩეველს. ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ არამხოლოდ ჩვენი კანდიდატების გასამარჯვებლად, არამედ ვიბრძოლოთ სხვა მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის დასამარცხებლად. მილიონნახევრიანი ქალაქის 80-%-დან „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ განზე იწევა და უთმობს ასპარეზსს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს“,- აღნიშნა ნიკა მელიამ.

დატოვე კომენტარი