სერგი კაპანაძე - მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და არანაირი სია არ არის გამზადებული
მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და არანაირი სია გამზადებული არ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას აქვს მოლოდინი და ამბიცია, რომ ერთიან კანდიდატენთან დაკავშირებით სია მალე შეთანხმდება ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
„არანაირი სია გამზადებული არ არის, არ ყოფილა საუბარი ჩვენი მხრიდან ამაზე, საუბარი იყო, რომ მუშაობა მიმდინარეობს მაჟორიტარულ კანდიდატებზე და ნაწილში არის შეთანხმება, მაგრამ ნაწილში არ არის და ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ამბიცია, რომ სია მალე შევათანხმოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც რეალურად არის დაინტერესებული პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლით. ვფიქრობ, ეს განცხადებები ცოტა ნაადრევი იყო, აქ არავინ არაფერს არავის თავზე არ ახვევს, ეს არის საკონსულტაციო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს იქ, სადაც ყველა ოპოზიციური პარტია იმყოფება, ანუ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს და არავინ წარმართავს პროცესს ისე, რომ ვინმეს მხრიდან იყოს მითითებამ ვინ რომელ ოლქში დააყენოს კანდიდატურა.
„ვერაფერს ვხედავ ტრაგიკულს, ეს შეიძლება, უფრო კომუნიკაციის ამბავი იყოს, ვიდრე რამე სერიოზული გართულება. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ სია შეთანხმებულია, არ არის შეთანხმებული, მაგრამ მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს ყველა პოლიტიკურ ძალასთან. არავინ აპირებს ისე წარიმართოს პროცესი, რომ ვიღაცას უთხრან, სად დააყენოს კანდიდატურა ან პირიქით, ჩვენ გვითხრას ვინმემ, სად დავაყენოთ. კოლეგებთან ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, გავაგრძელოთ მუშაობა იმ ფორმატში, რომელიც გვაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევთანხმდეთ. შეთანხმება არის გეგმა „ბე“-ს ნაწილი, იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ „ქართული ოცნება“ კვლავ უარს იტყვის პროპორციულზე ან მიახლოებულ სისტემაზე. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ მას ამ გზით უნდა სიარული, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, მათ დავუპირისპიროთ ეს ერთადერთი ძლიერი იარაღი, რომელიც არის მისი დამარცხების გარანტია“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.
ამასთან, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური გაერთიანების ფარგლებში საერთო ოპოზიციურ მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებას არ ადასტურებს. ელისაშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს არსებობს შეთანხმება საერთო ოპოზიციური კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, რომელშიც თავადაც მოხვდა.