სერგი კაპანაძე - გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რომ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა, დაწყებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნა სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით
სერგი კაპანაძე - გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რომ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა, დაწყებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნა სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქმის მასალებიდან გამომდინარე გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რაც მიუთითებს, რომ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა, დაწყებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით.

ამის შესახებ კაპანაძემ დღეს გამართული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი კახა სირაძესა და საქმის პროკურორ, ზვიად ფხაკაძეს მოუსმინეს.

ამასთან, კაპანაძის განცხადებით, შსს-ა და პროკურატურისთვის ცნობილი იყო გარემოება, რომ ხორავას ქუჩაზე კონფლიქტის დროს კიდევ ერთი მოზარდი დაიჭრა, თუმცა ამ საქმის ცალკე გამოყოფა არ მოხდა.

„დღევანდელ კომისიის სხდომაზე მოვისმინეთ შსს-ს წარმომადგენლისა და ხორავას მკვლელობის საქმის პროკურორის ახსნა-განმარტებები. დაისვა ბევრი კითხვა. შემიძლია გითხრათ, რომ საქმის ირგვლივ უფრო მეტი კითხვა დაგვებადა. გამოიკვეთა ორი საკითხი. ხვალ სხდომაზე დავაყენებ საკითხს, რომ კომისიამ შეიმუშაოს რეკომენდაციები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.

პირველი საკითხი, საქმის მასალებიდან გამომდინარე გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რაც მიუთითებს, რომ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. ეს ხელმისაწვდომი იყო შსს-სა და პროკურატურისთვისაც და არ გადაუდგიათ ეს ნაბიჯი.

მეორე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს დაიჭრა ერთი მოზარდი გ.მ. ეს ასევე ხელმისაწვდომი იყო პირველი დღეებიდან შსს-ა და პროკურატურისთვის და არც ამ საქმის ცალკე გამოყოფა არ მოხდა, თუმცა ამას კანონი ავალდებულებდათ და არ მომხდარა ამის გამოძიება“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასტან, მისივე თქმით, პროკურატურას და შსს-ს არ აქვს განმარტება, რატომ იქნა კამერებიდან ინფორმაცია ამოღებული დაგვიანებით.

„როგორც აქ ჩანს, ახსნა-განმარტება არ იყო მიღებული, რატომ არ დაკითხეს მოწმეები მყისიერად. ამ საკითხებზე შეკითხვები ხვალაც გვექნება. ვაპირებ ამ ორ თემაზე, რაც აღვნიშნე, მივმართავ კომისიას, რომ განიხილონ და რეკომენდაციებს მოვამზადებთ“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა ხვალ, 15:00 საათზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლისა და საქმის პროკურორ, ზვიად ფხაკაძის მოსმენით გაგრძელდება.