სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ლევან იზორიას ელჩად დანიშვნა მმართველი გუნდის მხრიდან სამარცხვინო ნაბიჯი იქნება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის შეფასებით, თუ ხელისუფლება გაბედავს და ლევან იზორიას გერმანიაში საქართველოს ელჩად დანიშნავს, ეს მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმული მორიგი სამარცხვინო ნაბიჯი იქნება.
კაპანაძე მიიჩნევს, რომ ლევან იზორია პოლიტიკურ პროცესებს მხოლოდ იმის გამოც უნდა იყოს ჩამოცილებული, რაც დეპუტატის თქმით, იზორიამ თავისი ძმის საკითხზე გააკეთა. კაპანაძის შეფასებით, მან საკუთარი ძმის დასაცავად პოლიციელის მუნდირს ჩრდილი მიაყენა.
„ამას რომ თავი დავანებოთ, სახეზეა აუდიტის სამსახურის დასკვნა, სადაც პირდაპირ არის საუბარი ბევრ დარღვევაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ხდებოდა ლევან იზორიას იქ მუშაობის დროს. ამ ყველაფერს რეაგირება სჭირდება. წესით, ნორმალურ ვითარებაში, პროკურატურა ამას გამოიძიებდა და პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირება მოჰყვებოდა, თუმცა ისეთ არანორმალურ ვითარებაში ვართ, როცა მხოლოდ პოლიტიკური ერთგულება ფასდება და ის ამ ნიშნით გაიგზავნება გერმანიაში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ლევან იზორიამ დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს და გერმანიაში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას.