სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ​აბსურდული ბრალდებებით დააკავეს, რასაც აშკარად პოლიტიკური ხასიათი აქვს
სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ​აბსურდული ბრალდებებით დააკავეს, რასაც აშკარად პოლიტიკური ხასიათი აქვს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება აბსურდული ბრალდებებით მოხდა.

სერგი კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს, რომ ახალი მადისკრედიტირებელი ფაქტები მოიგონოს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება აბსოლუტურად მოგონილი, აბსურდული ბრალდებებით, რომლებსაც აშკარად პოლიტიკური ხასიათი აქვს, აჩვენებს იმას, როგორ აგონიურ მდგომარეობაშია ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ახლა ეძებს კიდევ რაღაც ახალ სკანდალს, რომ გადააბრალოს ეს წინა ხელისუფლებას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არაფერი შესათავაზებელი ხალხისთვის არ აქვთ. აქ არის „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ყველაზე დიდი კონტრასტი „ევროპულ საქართველოსთან“, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოახდინოს გარდამტეხი ცვლილებები და ქვეყანა წაიყვანოს წინ. ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაფლავდა და ბოლომდე გაკოტრდა, ახლა აქცენტირებულია იმაზე, რომ ისევ რაღაც მოიგონოს წინა ხელისუფლების მადისკრედიტირებელი, რადგან არანაირი ახალი შეთავაზება, გეგმა და ხედვა, თუ როგორ შეიძლება, ეს კრიზისი დაიძლიოს, „ქართულ ოცნებას“ აღარ გააჩნია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინათ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.