სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის როლში ვერ ხედავს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, არა პოლიტიკოსებმა, არამედ იურისტებმა უნდა იმსჯელონ იმ საკითხზე, სამართლებრივად აქვს თუ არა უფლება მიხეილ სააკაშვილს, იყოს პრემიერობის კანდიდატი და უცხო ქვეყნიდან ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში.
„ვფიქრობ, ეს არის დისკუსია, რომელზეც უნდა იმსჯელონ იურისტებმა და არა პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსებმა, რომლებსაც ამოცანა აქვთ, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდეს, ქვეყანა წინ წავიდეს, კონკრეტული რაღაცები შეიცვალოს და იმაზე იყოს ლაპარაკი, მგონია, რომ ამაზე დრო არ უნდა დაკარგონ. ამიტომ ჩემი კომენტარი იქნება, მიმართეთ იურისტებს, რომლებიც უკეთ ერკვევიან ამ საკითხებში, ვიდრე მე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ამასთან, კითხვაზე, როცა საუბარია კოალიციურ მმართველობაზე, ექნება თუ არა „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა, თუ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება, კაპანაძე პასუხიბს, რომ მას პრემიერის როლში ვერ ხედავენ.
„ჩვენი ამოცანა არის, რომ შემდეგმა მთავრობამ, რომელშიც იქნება „ევროპული საქართველო“, აუცილებლად განახორციელოს ის კონკრეტული მიზნები და გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ კომპასის გეგმას, ანუ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას და ოჯახებისთვის 2000 ლარის დატოვებას, 100 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, კერძო საკუთრების დაკანონებასა და გადაცემას ხალხისთვის, სოციალური პენსიების გაორმაგებას, ასევე ითვალისწინებს სასამართლო რეფორმას.
ეს არის ძირითადი ქვაკუთხედი ჩვენი ხედვის, ანუ ჩვენი ამოცანა იქნება, რომ შემდეგმა მთავრობამ ეს ყველაფერი განახორციელოს. აქედან გამომდინარე, ისეთი მთავრობა იქნება საჭირო, რომელიც ამ გეგმას აიღებს თავის ძირითად სამოქმედო გეგმად, ეს არის, რაზეც ვფოკუსირდებით ახლა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ამაზე გაკეთებული გვაქვს განცხადება და ჩვენ ვერ ვხედავთ მას პრემიერ-მინისტრის როლში“, – განაცხადაა სერგი კაპანაძემ.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დასახელდა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილმა პრემიერობის საკითხზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა. მას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.