„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენება ხდება.
როგორც კაპანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა გამგებლები და სკოლის დირექტორები 25-მეტრიანი პერიმეტრის დარღვევით აგიტაციას ეწევიან, ამომრჩეველს ემუქრებიან და ეუბნებიან, რომ ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას“, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუხსნიან სოციალურ დახმარებას.
„აშკარად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, ძალიან ბევრი ამომრჩეველი არჩევნებზე მიდის და ასეთი მაღალი აქტივობა მიუთითებს იმაზე, რომ გაბრაზებულია ამომრჩეველი, მასიურად მიდის უბნებთან, რომ თავისი პოზიცია დააფიქსიროს, რაც ძალიან კარგია. „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებს მოვუწოდებ, იაქტიურონ. ძალიან ბევრ დარღვევას ვხედავთ. რამდენიმე სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა, როცა ამომჩეველი ფოთის პირველ საარჩევნო უბანზე მივიდა, აღმოაჩინა, რომ უკვე ხმა ჰქონდა მიცემული.
როგორც ჩანს, ასეთი შემთხვევები სხვაგანაც არის. თუ მასიური ხასიათი ექნება, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ვხედავთ, ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენებას. შემთხვევები გვაქვს, როცა გამგებლები და სკოლის დირექტორები 25-მეტრიანი პერიმეტრის დარღვევით აგიტაციას ეწევიან, ამომრჩეველს ემუქრებიან და ეუბნებიან, რომ ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას“, თორემ სოციალურ დახმარებას წაართმევენ.
ასეთი მაგალითია, ხობში მე-12 საარჩევნო უბანზე მომხდარი ფაქტი, სადაც გამგებელი და სკოლის დირექტორი შორენა ბართია, რომელიც გამგებლის და არის, ხალხს აშინებენ სოციალური დახმარების მოხსნით და ეუბნებიან, ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას“ ან სოციალურ დახმარებას მოუხსნიან. სერიოზული პრობლემაა ასევე ბიულეტენებზე, რომელსაც ორი ნომერი მოხეული აქვს. ეს მოხდა ბათუმში მე-60 და მე-7 საარჩევნო უბნებზე. როგორც ჩანს, ასეთი ინსტრუქცია აქვთ მიცემული, რადგან ასეთი ფაქტები დაფიქსირდა ვაკეში, საგარეჯოში, გურჯაანში, მარნეულში. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როცა რეგისტრატორები, რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმომადგებლები არიან, ბიულეტენს შეგნებულად აძლევენ და 2 ნომრის არჩევის საშუალება არ არის. რეგისტრატორი ვალდებულია, ამომრჩეველს ახალი ბიულეტენი მისცეს. ასეთი იაფი ხრიკებით არჩევნებზე გავლენას ვერ მოახერხებენ“, – განაცხადა კაპანაძემ.
ამასთან, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების დარიგება მაინც და მაინც დღეს დაიწყეს.
„ასეთი შემთხვევა იყო ვაკეში, ჭავჭავძეზე, სოციალური დახმარების პუნქტი გახსნილია და დახმარებას აძლევენ. დღეს, არჩევნებისას დახმარების გაწევა სწორი არ არის. კონკრეტული შემთხვევებია და ვიდეო არსებობს, სადაც ნაჩვენებია, რომ სოციალურ დახმარებაზე ხელმოწერა ხდება. მეორე ვიდეოც გვაქვს, კრწანისში მე-8 უბანთან დგას „ქართული ოცნების“ კოორდინატორებიანი მანქანა და დაფიქსირებული ფაქტი, როცა ამომრჩეველი მივიდა და მას თანხა მიაწოდეს. როგორც ჩანს, ამასაც მასიური ხასიათი აქვს, რადგან სხვა პარტიებმაც მსგავსი შემთხვევები დააფიქსირეს“, – განაცხადა კაპანაძემ.
დეპუტატის ცნობით, „ქართული ოცნების“ წევრები, საკრებულოს თავმჯდომარეები საარჩევნო უბნის გარეთ იმყოფებიან და მათ არასამთავრობო ორგანიზაციების ბეიჯები აქვთ.
„ამის დამადასტურებელი ფაქტები გვაქვს მარნეულისა და ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეებზე, რომლებიც დედამიწის დამკვირვებლებად არიან დარეგისტრირებული და საარჩევნო უბნებზე ამ სტატუსით იმყოფებიან. ეს დარღვევები სერიოზული შეშფოთების საგანია და ამაზე ერთადერთი წამალია არჩევნებზე ბევრი ადამიანის მისვლა და „ქართული ოცნების“ დამარცხება“, – აღნიშნა კაპანაძემ.
გარდა ამისა, სერგი კაპანაძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ევროპულ საქართველოს“ საკუთარი კარდაკარის მონაცემებით, 80 000 მხარდამჭერი ჰყავს დაფიქსირებული.
„ირაკლი კობახიძე დღესაც ისე ბოდავს, როგორც ამ დღეებში. არაფერი განსხვავებული ამაში არ არის. „ევროპულმა საქართველომ“ წინა არჩევნებზე 200 ათასი ხმა მიიღო და 80 ათასიანი კარდაკარის შედეგები ბუნებაში არ არსებობს, როგორც კვლევა დაგვაბრალა. საინტერესოა, ხელში თუ რამე ჩაუვარდა, როგორ ჩაუვარდა? ანუ, სპეცსამსახურები იმაზე მუშაობენ, რომ პოლიტიკური პარტიებიდან ინფორმაცია მიიღონ? ეს ცალკე დანაშაულია და ეს დანაშაულიც არ არსებობს, რადგან მსგავსი მონაცემები ფიზიკურად არ არსებობს, მორიგი ტყუილია იმის საჩვენებლად, თურმე, „ქართული ოცნება“ როგორ მაგრად იგებს არჩევნებს, მაგრამ პირიქით არის, მაგრად მარცხდება არჩევნებში. რაც შეეხება საარჩევნო ყუთის შესაძლო გატაცებას, ესეც ტყუილია, რადგან ჩვენს წარმომადგენელს ბოლნისში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.