ირაკლი კობახიძე - საკუთარი კარდაკარით, „ნაციონალებს“ არაუმეტეს 350 000 მხარდამჭერი ჰყავთ დაფიქსირებული, რაც ჩვენთვის საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზია
ირაკლი კობახიძე - საკუთარი კარდაკარით, „ნაციონალებს“ არაუმეტეს 350 000 მხარდამჭერი ჰყავთ დაფიქსირებული, რაც ჩვენთვის საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზია

საკუთარი კარდაკარით, „ნაციონალებს“ არაუმეტეს 350 000 მხარდამჭერი ჰყავთ დაფიქსირებული, რაც ჩვენთვის საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, კობახიძე არჩევნებზე შესაძლო დარღვევების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი საუბრები სულ ისმის, თუმცა შემდეგ არ დასტურდება.

„ასეთი საუბრები გვესმის ყველა არჩევნებზე, თუმცა შემდეგ არ დასტურდება ხოლმე. ამას მიჩვეულები ვართ. ბუნებრივია, ყოველ ჯერზე, ეს არის რეალობა. იგივე არის თანხის დარიგებაზე. სიებს რაც შეეხება, როდესაც პოლიტიკური პარტიები მუშაობენ საარჩევნოდ, ისინი ატარებენ ე.წ კარდაკარს, ისინი აღრიცხავენ ჩვენს სავარაუდო მხარდამჭერებს. ყველა პარტია აკეთებს ამას. ჩვენ სხვათაშორის, ხელში ჩაგვივარდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ კარდაკარის მონაცემები. საცერივით ჟონავს მათგან ინფორმაცია და თვითონ, საკუთარი კარდაკარით, „ნაციონალებს“ არაუმეტეს 350 000 მხარდამჭერი ჰყავთ დაფიქსირებული, რაც არის ჩვენთვის საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზი. საკუთარივე კარდაკარით „ევროპულ საქართველოს“ დაფიქსირებული ჰყავს 80 000 მხარდამჭერი. ეს მცირე გადახვევა.

კარდაკარი ტარდება პოლიტიკური პარტიების მიერ. კარდაკარის საფუძველზე აქვთ სიები და ამ სიების საფუძველზე ისინი ახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას. ამასთან, დაკავშირებით, ჩვენი პარტიის აქტივისტებს აქვთ გავლილი არაერთი ტრენინგი, რომელსაც ატარებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როგორ უნდა ჩატარდეს კარდაკარი, მერე როგორ უნდა შეადგინოს სიები და სიების მიხედვით, როგორ უნდა დაამობილიზო არჩევნების დღეს ამომრჩეველი, ამას გვასწავლიდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამერიკელები და ევროპელები, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ნებისმიერ ქვეყანაში. შესაბამისად, საჯაროდ მინდა ვუთხრა ჩვენს აქტივისტებს, აგიტატორებს, რომ მათ აქვთ ყველანაირი უფლება, ჰქონდეთ სიები, სიების მიხედვით აღრიცხონ ამომრჩევლები და განახორციელონ ამომრჩევლის მობილიზაცია, ეს არის მათთვის კანონით მინიჭებული უფლება. რეკომენდაციები იყო რადიუსის, პერიმეტრის წესთან დაკავშირებით და ჩვენ ამ არჩევნებზე ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ პერიმეტრის წესი დავიცვათ და ესეც არის ალბათ თვალშისაცემი. მოვუწოდებთ ამისკენ ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. ხარვეზი თუ დაფიქსირდება და ხარვეზებს, ბუნებრივია, ვერ გამოვრიცხავთ, 3 700 უბანია, შეიძლება ხარვეზები დაფიქსირდეს, ეს რა თქმა უნდა, თქვენი ვალდებულებაა, რომ ხარვეზები დააფიქსიროთ, მაგრამ სიყალბეს უნდა მოერიდოთ. თუ ვინმე არღვევს კანონს და თუ იქნება ამის მტკიცებულება, უმკაცრესად დაისჯება, მარტივი პასუხი გვაქვს ამაზე“, – განაცხადა კობახიძემ.