სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმე, თუმცა სტაბილურია. მისი შვილი იულია კი, სტაბილურადაა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
დამატებითი დეტალები არ საჯაროვდება.
ყოფილი ორმაგი აგენტი, სერგეი სკრიპალი, შვილთან ერთად, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.
დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ სკრიპალების მოწამვლის უკან რუსეთი დგას, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა და რუსეთის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე კონტაქტი გაწყვიტა. დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა 30-მდე ქვეყანამ გამოუცხადა.