სერგეი რიაბკოვი - ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებები გავლენას არ მოახდენს რუსეთის პოლიტიკაზე, მოსკოვი ნებისმიერ შემთხვევაში, შეძლებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას
მადრიდში ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებები გავლენას არ მოახდენს რუსეთის პოლიტიკაზე. მოსკოვი ნებისმიერ შემთხვევაში, შეძლებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„უარყოფითი – ჩვენი პოზიცია ცნობილია. ის არ იცვლება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება საერთაშორისო საკითხებში წმინდა დესტაბილიზაციის ფაქტორად მიგვაჩნია. ეს არ მატებს უსაფრთხოებას არც მათ, ვინც ფართოვდება და ვინც უერთდება და არც სხვა ქვეყნებს, რომლებიც ალიანსს საფრთხედ აღიქვამენ“, – განაცხადა რიაბკოვმა.
მისი თქმით, მადრიდში ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებები აძლიერებს ალიანსის კურსს რუსეთის აგრესიული შეკავებისკენ.
„ეს არანაირად არ მოქმედებს ჩვენს პოლიტიკაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას საიმედოდ, 100 პროცენტით“, – დაამატა რიაბკოვმა.