სერგეი ლავროვი - საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება იყო პასუხი ოპოზიციონერების აღმაშფოთებელ ქცევაზე
ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება იყო პასუხი ოპოზიციონერების აღმაშფოთებელ ქცევაზე, რომლებმაც ჩაშალეს მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ეს იყო მომზადებული პროვოკაცია. ჩვენს დეპუტატებზე იძალადეს. როდესაც ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, გამოვაცხადეთ, რომ ეს იყო დროებითი ზომა და მას მოვხსნიდით მაშინ, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდებოდა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, ლავროვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრა თავად დავით ზალკალიანმა ითხოვა.
„26 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შედგა შეხვედრა, რომლის გამართვასაც თავად ითხოვდა. შემდეგ მე წავიკითხე მისი ვრცელი კომენტარები, რომლებმაც ჩემი აზრით, მას იმაზე მეტი დრო წაართვა, ვიდრე თავად ამ შეხვედრამ. სხვა საკითხებთან ერთად, აინტერესებდა, როდის იქნება შესაძლებელი ავიამიმოსვლის განახლება. ავუხსენი, რომ ჩვენ არასოდეს ვეძებდით ხელოვნურ მიზეზებს საქართველოსთან საჩხუბრად. თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს პასუხისმგებლიანად წინ წაწიოს თავისი პოზიცია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების სასარგებლოდ, ყურადღებას არ მიაქცევს რუსოფობებს, რომელთა გამოყენებასაც ჩემი აზრით, ძველი პრეზიდენტი ისევ ცდილობს რეჟიმთან საბრძოლველად თბილისში, მაშინ, ალბათ, განვაახლებდი საჰაერო მიმოსვლას. კომენტარები, რომლებსაც თავად ქართველები აკეთებენ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჩემს ღიმილსა და გაოცებას იწვევს“, – განაცხადა ლავროვმა.