სერგეი ლავროვი - საქართველოს თუ სურს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, ნორმალური ცხოვრება, მოსკოვი მზად არის ურთიერთობების აღსადგენად
საქართველოს თუ სურს რუსეთთან, როგორც მეზობელთან ნორმალური ცხოვრება, ოფიციალური მოსკოვი მზადაა ურთიერთობების აღსადგენად, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„საქართველოს თუ ნამდვილად არ სურს „რუსული კარტის გათამაშება“ დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად, მაგრამ სურს, იცხოვროს ნორმალურად ჩვენთან, როგორც მეზობლის გვერდით, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ“, – აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, ლავროვის თქმით, წელიწადნახევრის წინ მზად იყვნენ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ვიზიტის მიზნით უვიზო რეჟიმის გამოსაცხადებლად, მაგრამ რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ თბილისში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.
„გვქონდა განზრახვა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, როდესაც მათ უვიზო რეჟიმი შემოიღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. თავიდან ყურადღებით დავაკვირდით, რა ხდებოდა და, რა თქმა უნდა, საქართველოში მოგზაურობას არავის ვუკრძალავთ. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მზად ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ვიზიტის მიზნით უვიზო რეჟიმის გამოსაცხადებლად, მაგრამ შემდეგ მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ, რომელიც ჩავიდა თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რეგულარულ შეხვედრაზე. საქართველოსთან ჩვენ პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ეს ფაქტობრივად თბილისის ინიციატივით შეწყდა. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ მათი აღდგენის მზადყოფნა“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, მოსკოვსა და თბილისს აქვთ ინტერესთა სფეროები და მას ძალიან უყვარს ეს ქვეყანა.
„ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ვაჭრობა. სხვათაშორის, არცთუ ისე მცირე და ჩვენ ვართ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი. არის ტურისტული ნაკადი. ჩვენს ხალხს ძალიან უყვარს საქართველოში სტუმრობა. მე თვითონ ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა“, – აღნიშნა ლავროვმა.