სერგეი ლავროვი - რუსი დიპლომატების გამოძევება კოლოსალური ზეწოლის შედეგია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკისთვის საერთაშორისო არენაზე ერთადერთ ენად, შანტაჟის ენა რჩება.
„სხვადასხვა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გამოძევება არის კოლოსალური ზეწოლის შედეგი. კოლოსალური შანტაჟის, რომელიც ახლა საერთაშორისო არენაზე ვაშინგტონის მთავარი ინსტრუმენტია”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვის თქმით სერგეი სკრიპალის საქმემ დაადასტურა, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტა დამოუკიდებელი მოთამაშე დარჩა.
გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილის გადაწყვეტილებით ვაშინგტონიდან და მსოფლიოს 23 ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევეს. ამის მიზეზი სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაა. დიდი ბრიტანეთი თვლის, რომ მომხდარის უკან რუსეთი დგას.