სოზარ სუბარი - მოხარული ვიქნებით, თუ აშშ-თან პარტნიორობა მართლა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში იქნება
სოზარ სუბარი - მოხარული ვიქნებით, თუ აშშ-თან პარტნიორობა მართლა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში იქნება

მოხარული ვიქნებით, თუ აშშ-თან პარტნიორობა მართლა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩაჯდება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ აქვს საქართველოს აშშ-თან უვიზო მიმოსვლა ან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რატომ არ აკეთებს ამას აშშ.

„სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს თავისი პარამეტრები. დღეს საქართველოს არათუ უვიზო მიმოსვლა არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, არამედ სამჯერ მაღალია ვიზებზე განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელი მეზობელ ქვეყნებში, სომხეთში, აზერბაიჯანში და რუსეთშიც კი, ვიდრე საქართველოში. ეს გაუგებარია. ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვქონოდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რადგან აშშ არის ერთ-ერთი დიდი ბაზარი. გაუგებარია, რატომ ვერ ვიღებთ ამ ხელშეკრულებას. ასევე რა მოხდება, რომ იყოს პირდაპირი ფრენა და საქართველოს მოქალაქეებს არ უხდებოდეთ ორი-სამი გადაჯდომით ჩასვლა ამ ქვეყანაში. პირდაპირი გადაფრენა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ტურიზმისთვისაც, რადგან ამერიკელი ტურისტების მცირე რაოდენობაც კი მნიშვნელოვანია. ვინც შრომობს, ამერიკაში ლეგალურად არიან, მათაც გაუადვილდებათ სამშობლოსთან ურთიერთობა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია და გაუგებარია, რატომ არ აკეთებს აშშ და თუ არ აკეთებს, რაში გამოიხატება სტრატეგიული პარტნიორობა? ჩინეთთან, რომელიც ასევე უზარმაზარი ბაზარია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერიდან რამდენიმე კვირაში, თვეში გადაწყდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი.

იუესაიდ-ის ხელმძღვანელმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიმეორა, ხოლო მანამდე ქალბატონმა დანიგანმა, უფრო ადრე კელი დეგნანი ასახელებდა ერთ ციფრს – საქართველოსადმი დახმარება ექვსი მილიარდი დოლარი. ქართული ანდაზაა, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ მოესინჯებაო, თუ ვინმე გვეხმარება, მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ „ხალხის ძალამ“ მართლაც ვცადეთ, ბოლომდე დაგვეთვალა, რომელ ექვს მილიარდზე იყო ლაპარაკი და სამ-ნახევარ მილიარდ დოლარზე მაღლა ვერ ავედით. ეს ცოტა არ არის, მაგრამ მხოლოდ ავღანეთის მისიაში ჩვენი ჯარის მონაწილეობა რაც იყო, აშშ-ს რომ შეევსო ის არე, რომელიც ჩვენს ჯარს ეკავა, დაახლოებით ორ-ნახევარი მილიარდი დოლარი დაუჯდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

აქვე გავიხსენოთ, რომ ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი მიდის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იმ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე, რომლებიც საქართველოსთვის მავნებლობის მეტს არაფერს აკეთებენ. მიუღებელია, როცა აშშ აფინანსებს „სამართლიან არჩევნებს“, რომელიც ხმის პარალელურ დათვლას აყალბებს და ცდილობს, არჩევნების შედეგების დელეგიტიმაცია მოახდინოს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამას სახელს როცა არ არქმევს და ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას აგრძელებს ისე, რომ არც კი გაუკიცხავს მართლა დანაშაულებრივი ქმედება, არ ვიცი, რატომ ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა. მოხარული ვიქნებით, თუ პარტნიორობა მართლა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩაჯდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.