სერგეი ლავროვი - რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს დასავლეთის მიერ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს
რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ ერევანში ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან არა აივაზიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროკავშირის წევრების, სხვა დასავლური ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის მიერ სანქციების სერია გრძელდება, ჩვენ არ დავტოვებთ უპასუხოდ ამგვარ ქმედებებს რუსეთის, მისი ხელმძღვანელობის წარმომადგენლების, რუსეთის პარლამენტის წევრების, ჩვენი კომპანიების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის აზრით, დამნაშავეები არიან მხოლოდ იმაში, რადგან რეგისტრირებილნი არიან ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირმა გადაწყვიტა, აგრესორად გამოაცხადოს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გასულ თქეში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ჩეხეთში 2014 წელს იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებასთან რუსეთის დაზვერვის კავშირის გამო რუსი დიპლომატები გააძევა. მანამდე, რუსეთს კიბერთავდასხმისა და არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის სანქციების დაუწესა აშშ-მა.
აპრილის ბოლოს რუსეთმა ევროკავშირის რვა მოქალაქეს, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ მარია სასოლის სანქციები დაუწესა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს არის საპასუხო ზომები ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეების მიმართ დაწესებულ შეზღუდვებზე.