სერგეი ლავროვი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების გაჭიანურება არ შეიძლება
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების გაჭიანურება არ შეიძლება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სომეხ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 10 ოქტომბერს, სამმხრივი მოლაპარაკების დროს მიღებულ შეთანხმებას მხარეები შეასრულებენ.
„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წავიდეთ წინ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხი სწრაფად და ერთბაშად გადაიჭრება. ჩვენ გვესმის, რომ საჭიროა პროცესი, თუმცა პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესის განახლების გაჭიანურებას არასწორად მივიჩნევთ“, – განაცხადა ლავროვმა.
მინისტრის თქმით, რუსეთი აქტიურად განაგრძობს მთიან ყარაბაღში ვითარების დარეგულირების საკითხებზე მუშაობას.
სერგეი ლავროვის განმარტებით, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმების ვერიფიცირებასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ტელეფონით ისაუბრა.
სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვში 10 ოქტომბერს მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს თურქეთიც.
რაც შეეხება ყარაბაღის საკითხის დარეგულირების ახალ ფორმატში გადატანას, საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ განცხადებაში სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც დაადასტურეს, რომ „მინსკის ჯგუფის მოლაპარაკების პროცესი უცვლელი რჩება“.