სერგეი ლავროვი - დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების შესახებ იმის ნიშანი იქნება, რომ ნატო რუსეთს ეომება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთს აქვს შეიარაღება, რომელიც „უკრაინის რეჟიმის პატრონებს სერიოზულ შედეგს მოუტანს“, თუმცა, მისივე განცხადებით, „ბირთვული ომი არავის სურს“.
სერგეი ლავროვმა „სქაი არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს ბირთვული ომი და მიიჩნევს, რომ „წითელ ღილაკზე“ საუბრები არაადეკვატურია.
„ჩვენ ვსაუბრობთ წითელ ხაზებზე იმ იმედით, რომ ჩვენს შეფასებებსა და განცხადებებს მოისმენენ ჭკვიანი, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. იმის თქმა, რომ თუ ხვალ არ გააკეთებთ იმას, რასაც მე მოგთხოვთ, ჩვენ დავაჭერთ „წითელ ღილაკს“, არასერიოზულია,“ – აღნიშნა ლავროვმა.
მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთს აქვს იარაღი, „რომელიც სერიოზულ შედეგებს მოუტანს უკრაინული რეჟიმის პატრონებს“ და რომ ეს იარაღი „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია“.
ლავროვის თქმით, დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების შესახებ ნიშნავს, რომ ნატო რუსეთს ეომება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ ნატო უკვე აწარმოებს ჰიბრიდულ ომს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ხელით. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს დასავლეთთან ესკალაცია არ სურს.