სერგეი ლავროვი - ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია
2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთხელ, 2008 წლის აგვისტოში ეს უკვე აფეთქდა.
„ერთხელ 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა, როდესაც პერსპექტივის ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა გადაწყვიტა ავანტიურა, რომელიც უმძიმესი შედეგებით შემოუბრუნდა თვითონ საქართველოს და ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა ცუდ ზღვარზე მიიყვანა.
ცეცხლს ეთამაშება ის ხალხი, ვინც მუდმივად იმეორებს ბუქარესტის თეზისს და ამტკიცებს, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხებში მესამე მხარეს არ აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია, ამას ვერ აცნობიერებდნენ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალზე.
ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ ნატო-ში უარს ამბობენ რუსეთის კონსტრუქციული წინადადების განხილვაზე დაძაბულობის დეესკალაციის და სახიფათო ინციდენტების აღკვეთის კუთხით.
„მსურს, სრულიად გასაგები იყოს, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნების რუსეთთან წინააღმდეგობის პლაცდარმებად გარდაქმნა, ნატო-ს ძალების განლაგება ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებში, კატეგორიულად მიუღებელია. სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურა ირღვევა. ნატო-ში უარს ამბობენ ჩვენი კონსტრუქციული წინადადების განხილვაზე დაძაბულობის დეესკალაციის და სახიფათო ინციდენტების აღკვეთის კუთხით. პირიქით, ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა უპასუხისმგებლოდ უახლოვდება რუსეთის საზღვრებს. რუმინეთსა და პოლონეთში განთავსებულია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომელის შეიძლება, გამოყენებულ იქნას როგორ თავდასხმითი კომპლექსი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.