აშშ-სა და რუსეთს შორის შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, ივლისის შუა რიცხვებში დაიწყოს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი შეიარაღების კონტროლზე ახალ მოლაპარაკებებს ივლისის შუა რიცხვებში დაიწყებენ.
„რამდენიმე დღეში, იმედი მაქვს, ივლისის შუა რიცხვებში, დავგეგმავთ დელეგაციების შეხვედრებს, სადაც განიხილება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ დასახული ამოცანები სტრატეგიული სტაბილურობის, შეიარაღების კონტროლისა და შემცირების საკითხებზე. ამ ტიპის წინასწარი კონსულტაციები ორმხრივად მისაღები შეთანხმებისთვის არის საჭირო“, – აღნიშნა ლავროვმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი 16 ივნისს, ჟენევაში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ გამართავენ მოლაპარაკებებს ბირთვული იარაღის კონტროლის თაობაზე.