სერგეი ლავროვი 3 ოქტომბერს სოჭში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს შეხვდება
სერგეი ლავროვი 3 ოქტომბერს სოჭში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 3 ოქტომბერს სოჭში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს შეხვდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი ლავროვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებთან შეხვედრებს ორმხრივ ფორმატში გამართავს.

სამმხრივ ფორმატში კი შეხვედრებს ასევე დაესწრებიან მარიონეტული რეჟიმების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრები.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, დღის წესრიგში შედის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ასევე რეგიონული და საერთაშორისო პრობლემატიკის ფართო სპექტრი.

„სამმხრივი მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების კოორდინაციის თემას, რომელიც წარმოადგენს დიალოგის უნიკალურ ფორმატს, სადაც მონაწილეობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები (საქართველოსთან, რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად), რომელთა თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი, გაერო და ეუთო“, – აღნიშნულია განცხადებაში.