სერგეი გავრილოვი - საქართველო ჩემი სამშობლოა, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ
მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ საქართველოში დისკომფორტს არ გრძნობს.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, დისკომფორტს გრძნობს თუ არა საქართველოში რომ იმყოფება, გავრილოვმა აღნიშნა: „არა, ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა, დისკომფორტი არ მაქვს“.
19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნა. საქართველოში ჩამოვიდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი, რომელიც ღიად უჭერს მხარს რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას.
ამასთან, მოქალაქეთა ჯგუფმა მისი ჩამოსვლა გააპროტესტა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები გავრლოვის საქართველოში ჩამოსვლას სამარცხვინოს უწოდებენ.