სერგეი ჩაპლიგინი - ბაჩო ახალაიას კაბინეტში მეუბნებოდნენ, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ჯაშუშობას ვაღიარებდი
შემიყვანეს კაბინეტში, სადაც მაგიდის თავში იჯდა თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, მან წარმოთქვა გრძელი სიტყვა, თითქოს მე ვიყავი ჯაშუში და უკანონო ქმედებებს ვეწეოდი საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ 2011 წელს სერგო თეთრაძესა და სხვა პირებთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა სერგეი ჩაპლიგინმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა.
ჩაპლიგინი სასამართლომ დაზარალებულის სტატუსით დაკითხა. ის დღეს პირველად, „სკაიპის“ საშუალებით დაკითხა, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება.
„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ დავიბადე თბილისში, ჩემი ბავშვობა აქ გავატარე. მე ვთვლი საქარველოს ჩემ ქვეყანად, აქ არიან დასაფლავებული ჩემი მშობლები.
2011 წელს, 17 სექტემბერს ჩემთან სახლში მოვიდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც წარმომიდგნენ, როგორც სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები, ჩაატარეს ჩხრეკა. შემდეგ მანახეს მეხსიერების ბარათი, რომელიც თითქოს იპოვეს ჩემ სახლში. თითქოს ვამბობ იმიტომ, რომ მე არ ვარ კომპიუტერის მომხმარებელი. საერთოდ არ მქონია „ფლეშკა“. მისაღები ოთახიდან გამოიტანეს. მე ლოჯში ვიჯექი და არ მიშვებდნენ. ვუთხარი, რომ არ მქონდა ფლეშკა, ვინაიდან არ ვიყავით კომპიუტერის მომხმარებლები.
შემდეგ წამიყვანეს სამხედრო პოლიციაში. მანახეს გია გორელაშვილის, სერგო თეთრაძისა და დავით ლონდარიძის ფოტოები. მე უთხარი, რომ მხოლოდ ლონდარიძეს ვიცნობდი. შემდეგ გადამიყვანეს სხვა მხარეს, ამ შენობის მესამე სართულზე და გათბობის მილზე ხელბორკილებით მიმაბეს დაახლოებით დილის 06:00-დან საღამოს 19:00 საათამდე.
ლონდარიძეს მე ვიცნობდი 1986 წლიდან. სწავლობდა დაწესებულებაში, სადაც მე მისი ხელმძღვანელი ვიყავი.
შემდეგ ამიყვანეს მეორე სართულზე, სადაც მითხრეს, რომ ყველაზე მთავარ უფროსს დაელაპარაკებიო. შემიყვანეს კაბინეტში, სადაც მაგიდის თავში იჯდა თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. ტელევიზიით ხშირად ვნახულობდი მას და ამით მივხვდი, რომ ის იყო. ამ ოთახში კიდევ იყვნენ სამხედრო პოლიციის ფორმით, კიდევ დაახლოებით 5-6 ადამიანი სამოქალაქო ფორმით. დაკითხვის დროს ერთს ეძახდნენ მამუკას, მეორეს გიორგი გურამოვიჩს.
ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა წარმოთქვა გრძელი სიტყვა, რომ თითქოს მე ვარ ჯაშუში და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ქმედებებს ვეწევი საქართველოს წინააღმდეგ. მე მათ ვუთხარი მაშინ ფაქტები წამრომიდგინეთ-თქო, ამაზე მითხრა მინისტრმა რომ მე მყავს გამოძიების ბრიგადა ისინი ძალიან კარგი გამომძიებლები არიან. მე გაოცებული და აღშფოთებული ვიყავი.
წარიმართა საუბარი აღიარების მოთხოვნით მინისტრისაგან და გამომძიებლებისგან. რომელიღაცამ მითხრა, რომ აგენტი ვიყავი, ვიყავი სრულიად გამოაშკარავებული, მთლიანად მათ ხელში ვიყავი და ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ყველაფერს ვაღიარებდი, რაშიც ბრალი მედებოდა. მე ვიყავი გაოგნებული ამ ბრალდებებით“, – განაცხადა სერგეი ჩაპლიგინმა.