სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დაამტკიცა. 105-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში, სერჟ სარგსიანის პრემიერად არჩევას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 18 წინააღმდეგი წავიდა.
სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ხუთდღიან ვადაში მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა წარადგინოს.
2015 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გდავიდა. 9 აპრილს სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის ინაუგრაცია ჩატარდა. არმენ სარგსიანი სომხეთის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც არა მოსახლეობამ, არამედ ქვეყნის პარლამენტმა – ეროვნულმა კრებამ აირჩია. ინაუგურაციის შემდეგ მალევე, სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინა.
სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2008-2018 წლებში იყო. მანამდე, ის ერთი წლის განმავლობაში სომხეთის მთავრობის მეთაური იყო, ასევე, იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს (2000-2007 წლებში).