ნიკოლ ფაშინიანი - უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, სადაც მომავალ ხელისუფლებას ხალხი აირჩევს
ნიკოლ ფაშინიანი - უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, სადაც მომავალ ხელისუფლებას ხალხი აირჩევს

ერევანში ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს ამ წუთებში სიტყვით მიმართავს. ფაშინინმა მოსახლეობას გამარჯვება მიულოცა.

„ძვირფასო სომხეთს მოსახლეობა, თქვენ გაიმარჯვეთ. გუშინ, დილით სასტუმროში გაიმართა ჩემი და სარგსიანის შეხვედრა და ის ბოლომდე არ დარჩა, დაგვტოვა. მაგ მომენტიდან მივხვდი, რომ პოსტი დატოვა.

გუშინ პოლიციამ დამაკავა და როდესაც მივყავდი, გზაში ვეხუმრებოდი და უკვირდათ, რატომ ვიქცეოდი ასე. მე მათ ვუთხარი, რომ ამ მომენტიდან სერჟის ხელისუფლება აღარ მუშაობს და ჩვენ გავიმარჯვეთ.

დღეს დილით მეუბნებოდნენ, მთავაზობდნენ, რომ სერჟი გადადგებოდა ოქტომბერში, ორი საათის შემდეგ შემომთავაზეს, რომ გადადგებოდა ერთ თვეში. შემდეგ შემომთავაზეს, რომ გადადგებოდა 25 აპრილს და ბოლოს ვნახეთ, როგორ გადადგა დღეს.

ჩვენ გვქონდა რამდენიმე მიზანი – პირველი სერჟის გადაყენება, პარლამენტში ხალხის რჩეულის წარდგენა და ეს უნდა მოხდეს ამ ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა მანამდე დროებითი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს საპარალამენტო არჩევნები, სადაც ხალხი აირჩევს ხელისუფლებას.

იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო აღიარებს ხავერდოვან რევოლუციას და ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი. ეს დაგვეხმარება მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში, ხავერდოვანი რევოლუცია არ უნდა გაჩერდეს და ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის“,- განაცხადა ფაშინიანმა.

სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო.

ერევანში პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობდა.

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა. სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2008-2018 წლებში იყო. მანამდე, ის ერთი წლის განმავლობაში სომხეთის მთავრობის მეთაური იყო, ასევე, იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს (2000-2007 წლებში).

დატოვე კომენტარი