სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, მარია ზახაროვას ფეისბუქპოსტის გამო, ვლადიმერ პუტინმა და სერგეი ლავროვმა ბოდიში მოუხადეს
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვუჩიჩის განცხადებით, მარია ზახაროვას ფეისბუქპოსტის გამო, ვლადიმერ პუტინმა და სერგეი ლავროვმა ბოდიში მოუხადეს.
სერბეთის ნაციონალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ვუჩიჩმა თქვა, რომ რუს კოლეგასთან აღნიშნული საკითხი 10 სექტემბერს განიხილა. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინს ბალკანური სახელმწიფოს პრობლემები შესანიშნავად ესმის.
„მე არ ვარ პრორუსი, პროამერიკელი და ასე შემდეგ. მე პროსერბი ვარ. სერბეთს რუსეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს. ჩინეთთან ურთიერთობები შესანიშნავია. ტრამპმა ძალიან გულითადად მიგვიღო“, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.
მანამდე, ინტერნეტში გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ვუჩიჩი ტრამპის მაგიდის წინ სკამზე ზის. ფოტოს თან ახლდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ გამოქვეყნებული ფოტო ფილმიდან „ძირითადი ინსტინქტი“ და წარწერა, „თუ თეთრ სახლში დაგიბარეს და სკამი ასე დაგიდგეს, თითქოს დაკითხვაზე ხარ, მე-2 ფოტოს მსგავსად დაჯექით. ვინც არ უნდა იყოთ“. მოგვიანებით, ზახაროვამ პოსტის გამო ბოდიში მოიხადა.