მარია ზახაროვას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს სერბეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა
მარია ზახაროვას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს სერბეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ სოციალურ ქსელში „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ფოტოს სერბეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა.

საქმე ეხება მარია ზახაროვას მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოს, რომელიც თეთრ სახლში სერბეთისა და კოსოვოს ლიდერების ვიზიტის დროს არის გადაღებული. სურათზე ჩანს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელიც დონალდ ტრამპის წინ სკამზე ზის. მარია ზახაროვამ ამ ფოტოს თან დაურთო შერონ სტოუნის ფოტო ფილმიდან „ძირითადი ინსტინქტი“ და შემდეგი კომენტარი გააკეთა: „თუ თქვენ გამოგიძახეს თეთრ სახლში და სკამი ისე დადგეს, თითქოს დაკითხვაზე ხართ, მაშინ დაჯექით ისე, როგორც ეს მეორე ფოტოზეა ასახული. ვინც არ უნდა იყოს. უბრალოდ დამიჯერეთ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ამ განცხადებას სერბეთის წარმომადგენელემა, მარკო ჯურიჩმა უპასუხა. „წარმოიდგინეთ, ამ პრეზიდენტს არ უთქვამს ერთი ცუდი სიტყვაც კი რუსეთზე, ამ სკამზე ჯდომის დროსაც კი. წარმოიდგინეთ, ეს პრეზიდენტი რუსეთის ლიდერთან მიღებას საათ-ნახევარი ელოდებოდა და სკამი არ უთხოვია. მე თქვენ არ მოგცემთ უფლებას, შეურაცხყოფა მიაყენოთ სერბეთს. თქვენ უნდა გრცხვენოდეთ!“ – წერს ჯურიჩი „ტვიტერზე“.

ზახაროვას მიერ „ფეისბუქზე“ გაკეთებული კომენტარი დაგმო სერბეთის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრ ვულინმაც.

„ადამიანის პიროვნული თვისებები არ იზომება იმ სკამით, რომელზეც ის ზის, ან სკამის სიდიდით, რომლის სახელითაც საუბრობს, არამედ სიმამაცით, რათა ყველა სკამზე დაიცვას საკუთარი ხალხი და მათი მეგობრები“, – წერს სერბეთის თავდაცვის მინისტრი. მისივე თქმით, „ზახაროვას წვრილმანმა ბოროტებამ მხოლოდ რუსეთისა და სერბეთის მტრები გაახარა“.

შეგახსენებთ, რომ სერბეთისა და კოსოვის პრეზიდენტების თეთრ სახლში ვიზიტის დროს მხარეები ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს.