სენაკში სალოტბარო სკოლა გაიხსნა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან სენაკში მცხოვრებ ნებისმიერი ასაკის მსურველს ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის შესწავლა უფასოდ შეუძლია.
სალოტბარო სკოლის გახსნის მიზანია 2001 წელს იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შესული უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენა, შენახვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. სენაკის სალოტბარო სკოლის ლოტბარ-რეგენტი გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული დიმიტრი კაკულია იქნება.
სალოტბარო სკოლის გახსნაზე სენაკის სამხატვრო გალერეაში წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ბავშვთა გუნდმა და კოლხურმა ტრიომ ხალხური სიმღერები და საგალობლები შეასრულა. ფოლკლორის ცენტრსა და სენაკის მერიას შორის მემორანდუმიც გაფორმდა, რაც რეგიონში შემოქმედებითი აქტივობების გამართვას ითვალისწინებს.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ, 2020 წელს, ანსამბლ „ბასიანის“ საიუბილეო წელთან დაკავშირებით სენაკში ანსამბლის სოლო კონცერტი დაანონსა. ასევე მომავალ წელს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალისთვის სამეგრელოს რეგიონი პრიორიტეტი იქნება.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით უკვე 23 სალოტბარო სკოლა მოქმედებს. სალოტბარო სკოლების გახსნა კიდევ ექვს მუნიციპალიტეტში იგეგმება.