ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართა
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში პროექტის „აშუღური ტრადიციები და საქართველოს აზერბაიჯანელთა ფოლკლორული ცხოვრება“ ფარგლებში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ტრადიციული მუსიკის საღამო „საზს გეფიცები“ გაიმართა.

პროექტი საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის კულტურისა და ტრადიციების ახლოს გაცნობასა და პოპულარიზაციას ემსახურება.

მუსიკის საღამოზე გაჟღერდა აშუღური სიმღერები, საცეკვაო მელოდიები მეზურნეთა ანსამბლის შესრულებით, ტრადიციული ნიმუშები ქალთა რეპერტუარიდან.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი კონცერტის ორგანიზატორებს. როგორც ვიცი, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის მსგავსი მუსიკალური საღამო პირველად ტარდება. კარგი იქნება, თუ მომავალშიც საქართველოში მცხოვრები აშუღებისთვის მსგავსი მუსიკალური საღამოები გაიმართება“, – განაცხადა ღონისძიების მონაწილემ, გულაიათ ვალიგიზმა.

როგორც აღინიშნა, პროექტი 2023 წლის ნოემბერში ამ ტრადიციების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციით დასრულდება.

„ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზმა საქართველოს აზერბაიჯანელთა ტრადიციულ მუსიკის საღამოს უმასპინძლა. საღამოს ინიციატორი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფოლკლორული საქართველო“. ეს საღამო არის ნაწილი პროექტის სახელწოდებით „აშუღური ტრადიციები და საქართველოს აზერბაიჯანელთა ფოლკლორული ცხოვრება“. ამ პროექტის განხორციელების მიზანია ეთნიკურ აზერბაიჯანელთა მუსიკალური ტრადიციების კვლევა და პოპულარიზაცია. პროექტის მხარდამჭერები არიან „ღია საზოგადოების ფონდი“ და „საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“. პროექტს დაასრულებს ამ ტრადიციების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი“, – განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფოლკლორული საქართველოს“ წარმომადგენელმა.