სემიონ სემენჩენკო, რომელიც სპეცოპერაციისას დაკავებულ შვიდ პირთან ერთად იმყოფებოდა, ადასტურებს, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე მიხეილ სააკაშვილს შეხვდა
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და ბატალიონ „დონბასის“ მეთაური სემიონ სემენჩენკო, რომელიც საქართველოში სპეცოპერაციისას დაკავებულ შვიდ პირთან ერთად იმყოფებოდა, ადასტურებს, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე, პოლონეთში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
ამასთან, სემენჩენკომ პირველ არხთან საუბრისას არ დაადასტურა უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა მას საქართველოში უკრაინელი მებრძოლების ჩამოყვანა დაავალა.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დამავალა დონბასის მებრძოლი ბიჭების თბილისში ჩამოყვანა, არის სიცრუე და მიზანმიმართული პროვოკაცია. ოპოზიციას აქ სურს სიმშვიდე. ჩვენ, უკრაინელებსაც გვსურს, აქ სიმშვიდე იყოს. ჩვენ მეგობრები ვართ. კი, ქართველები იბრძვიან უკრაინისთვის უკრაინაში. მაგრამ ის ინფორმაცია, რომ აქ უნდა ჩამომეყვანა მებრძოლები, ტყუილია. დიახ, შემოდგომაზე, ნოემბერში მე შევხვდი სააკაშვილს, მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ სხვა თემებზე“, – განაცხადა სემიონ სემენჩენკომ.
მისივე თქმით, სააკაშვილის გარდა, უკრაინელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც შეხვდა, რაშიც საკვირველი არაფერია.
„მე მაშინ სხვა უკრაინელ ოპოზიციონერ ლიდერებთანაც მქონდა შეხვედრა. შევხვდი სხვებსაც და ჩვენ სულ სხვა თემებზე ვისაუბრეთ. ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრაში საკვირველი არაფერია“, – აღნიშნა სემიონ სემენჩენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური ბირუკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს შორის უმაღლესი რადას დეპუტატი და ბატალიონ „დონბასის“ მეთაური სემიონ სემენჩენკოც იყო. მანამდე, უკრაინელი ჟურნალისტი ანდრეი დზინდზა წერდა, რომ სემენჩენკომ დაკავებას თავი დიპლომატიური პასპორტით აარიდა. ეს ინფორმაცია უარყო თავად დეპუტატმა სემენჩენკომ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოვიდა და ის არავის დაუკავებია. სემენჩენკომ ასევე განაცხადა, რომ ის და მისი მეგობრები საქართველოში საველე მეგობრების, თანამებრძოლების მოსანახულებლად ჩამოვიდნენ. მისივე თქმით, თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ექვს პირს პოლიტიკური მიზნები არ ჰქონია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.