რადას დეპუტატი ალექსანდრ კოვალჩუკი - ჩვენს მოქალაქეებს მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ ვტოვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი უვნებლად დავაბრუნოთ უკრაინაში, გამონაკლისი არც მიხეილ სააკაშვილია
რადას დეპუტატი ალექსანდრ კოვალჩუკი - ჩვენს მოქალაქეებს მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ ვტოვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი უვნებლად დავაბრუნოთ უკრაინაში, გამონაკლისი არც მიხეილ სააკაშვილია

ყველას ერთი პოზიცია გვაქვს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს. ჩვენს მოქალაქეებს მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ ვტოვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი უვნებლად დავაბრუნოთ უკრაინაში. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც მიხეილ სააკაშვილია, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსანდრ კოვალჩუკმა მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

კოვალჩუკის თქმით, სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უნდათ, ის დააბრუნონ ქვეყანაში.

„ყველა ძალიან ვდარდობთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიცოცხლის გამო. ყველას კარგად გვესმის, რომ შიმშილობის 30 დღე ძალიან დიდი ვადაა და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მე ჩემს კოლეგა იულიასთან ერთად სამი დღე გავატარე მოლაპარაკებების, მიმართვების, ზარების, შეხვედრების პროცესში როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში ყველა დონეზე და მადლობა ღმერთს, ჩვენი ხმა შეისმინეს და ჩამოვედით, რომ გვენახა მიხეილი და მხარი დაგვეჭირა მისთვის, რათა გვენახა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეს საფრთხე არსებობს, თუმცა ჩვენ გვინდა, ვნახოთ, რამდენად კრიტიკულია მდგომარეობა. რაც მთავარია, გვინდა გადავცეთ მას უზარმაზარი პოზიტიური ენერგია, რომელიც არის უკრაინაში, რომელიც აქვს უკრაინელებს, რომლებიც პატივს სცემენ იმას, რაც მან საქართველოში გააკეთა. ახსოვთ ყველა რეფორმა, რომელიც მან საქართველოში გაატარა. ამისთვის ჩვენ მას პატივს ვცემთ უკრაინაში და ვმუშაობთ ერთად, ვწერთ კანონებს, ვატარებთ რეფორმებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთელი ეს ისტორია დიდი შოკი იყო, მათ შორის ის, რომ ჩვენ ამდენ ხანს არ გვიშვებდნენ, თუმცა მადლობა ღმერთს, ახლა გვიშვებენ. დანარჩენთან დაკავშირებით კომენტარს გავაკეთებთ გამოსვლისას. მთავარი, რასაც ვეტყვით, არის ის, რომ მან იცოდეს, უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანი დარდობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მას სწრაფად დაბრუნებას უსურვებენ“, – განაცხადა ალექსანდრ კოვალჩუკმა.

კითხვაზე, გრძელდება თუ არა უკრაინასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები და ამჟამად რა ეტაპზეა, დეპუტატმა განაცხადა, რომ „მოლაპარაკებების გარკვეული ნაწილი არ საჯაროვდება“.

„მოლაპარაკებები არ არის ღია. მათი გარკვეული ნაწილი საჯაროვდება, თუმცა ძირითადი ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, არასაჯაროდ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია თუ არა, მან აღნიშნა:

„თქვენმა ხელისუფლებამ უნდა თქვას, ეს ერთმანეთში უნდა გადაწყვიტონ დიპლომატებმა. ის ამბობს, რომ საკუთარი თავი პოლიტპატიმრად მიაჩნია. რა უფლება გვაქვს, ვთქვათ, რომ ეს ასე არ არის? ესე იგი, ეს ასეა“, – განაცხადა კოვალჩუკმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია, როგორ დატოვა სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი, კოვალჩუკმა განაცხადა:

„ვფიქრობ, ამის შესახებ თქვენ უფრო მეტ ინფორმაციას ფლობთ, ვიდრე მე“.

ამასთან, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რადას დეპუტატმა იულია კლიმენკომაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმის გამო ჩამოვიდნენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ის ნორმალურ პირობებში იმყოფება. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უკრაინაში ბევრი საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება.

„ჩვენი პოზიცია ერთნაირია, მიუხედავად იმისა, რომ მე წარმოვადგენ ოპოზიციას ჩემს ქვეყანაში, თუმცა მადლობა ღმერთს, ციხეში არ ვზივარ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ. გვსურს, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიულ ქვეყნად, სადაც ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც აქვთ უფლება, ისაუბრონ, იარონ არჩევნებზე და წარმოადგინონ თავისი პოზიციები. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, პირველ ყოვლისა, ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ნორმალურ მდგომარეობაში, ნორმალურ პირობებში. ვითხოვთ, რომ ის უკრაინას გადასცენ, რადგან ის არის უკრაინის მოქალაქე. ამ საკითხის განხილვას აქ არ ვგეგმავთ. ეს არის დიპლომატებს შორის განსახილველი საკითხი. ჩვენ აქ მოვედით, რათა დავრწმუნდეთ, რომ მიხეილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის კრიტიკულ მდგომარეობაში, რადგან უკრაინაში ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია სხვაგვარია. ჩვენთან ბევრი საგანგაშო ამბავი ვრცელდება, რომ მას არ უკეთებენ გადასხმებს, რომ ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამიტომ ჩვენ ჩამოვედით, რათა მას მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. მას აქვს სერიოზული ქრონიკული დაავადება და რამდენადაც მესმის, სამედიცინო კონსილიუმი ახლა წყვეტს, სად და როგორ უნდა იმყოფებოდეს ის. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგან შემხვედრი ნაბიჯი და გადაიყვანონ ის საავადმყოფოში, სადაც არის ყოველგვარი აღჭურვილობა“, – განაცხადა იულია კლიმენკომ.