კომისიამ 2020 წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში ერთ მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
კომისიის ცნობით, 2020 წლის განმავლობაში კომისიაში გამართულ საჯარო სხდომებზე განხილული საკითხების 85% შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. მომხმარებელთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.
ამასთანავე, სემეკის „მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“ დარღვევის გამო, კომუნალური კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა კომპენსაციები, ჯამში 200 ათას ლარამდე. სემეკში არსებული მონაცემების მიხედვით, კომპანიების მიერ კომერციული მომსახურების ხარისხი გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, შესაბამისად, შემცირებულია სემეკის წესების დარღვევის შემთხვევები და კომპენსაციების ოდენობა. სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.