სემეკ-ი მოუწოდებს მოქალაქეებს, კომუნალური გადასახდების სუბსიდირებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მომართონ კომისიას
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კომუნალური გადასახადების სუბსიდირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სემეკ-ი მოუწოდებს მოქალაქეებს, სუბსიდირებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემთხვევაში საკითხის შესასწავლად დაუყოვნებლივ მომართონ კომისიას.
„სემეკ-ს მომართა არაერთმა მოქალაქემ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ისარგებლეს კომუნალური სუბსიდიით, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო. კერძოდ, კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს სემეკი-ის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამდედ 32-ე და 33-ე დღეებზე. კომისიამ გამანაწილებელ კომპანიების განუმარტა აღნიშნული დარღვევის შესახებ და დაავალდებულა მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევით აღებული მრიცხველის ჩვენებების გასწორება, ასევე მომდევნო პერიოდში მრიცხველების წაკითხვა თვეში ერთხელ, წაკითხვის თარიღის დაცვით.
კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი სახის გაურკვევლობის შემთხვევაში საკითხის შესასწავლად დაუყოვნებლივ მომართონ კომისიას. მთავრობის კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტსთ-ს ჩათვლთ ელექტროენერგიას სახელწიფო დაუფარავს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეების ელექტროენერგიის, წყალმომარაგების (როგორც გამრიცხველიანებულ, ასევე უმრიცხველო აბონენტებს) და დასუფთავების გადასახადებს. ასევე, ამ თვეებში გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს“, – ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.