სემეკი - ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენაზე კომისიაში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გეგმიური პროცესია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფების დადგენაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში არ მიმდინარეობს.
მასთან, სემეკ-ის განცხადებით, ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით კომისიაში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, გეგმიური პროცესია, რომელიც სატარიფო მეთოდოლოგიითაა გათვალისწინებული.
„კომისიაში, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“, სს „საქორგგაზისა“ და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“ 2019 წლის გეგმიური ტარიფების დადგენაზე. სატარიფო საკითხებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება განპირობებული იყო იმით, რომ ზემოაღნიშნულ საწარმოებს ტარიფები დადგენილი აქვთ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და შესაბამისად, მათ ტარიფები უნდა დაუდგინდეთ მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის. კომისიის გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 31 დეკემბერი“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, კომისიაში მიმდინარეობს კომპანიების მიერ წარდგენილი სატარიფო დოკუმენტაციის შესწავლა და იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემების ანალიზი არ დასრულებულა, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება საბოლოო სამომხმარებლო ტარიფი.
„რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების – სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტარიფებს, აღნიშნული კომპანიებისთვის ტარიფები დადგენილია 3 წლიან სატარიფო პერიოდზე 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ მიმართულებით კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები არ მიმდინარეობს და ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილება არ განიხილება“, – აღნიშნულია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.