საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ შემუშავებული პროექტი სასმელი წყლის ჰიბრიდულ ტარიფთან დაკავშირებით არ შეეხებათ ბინის გამქირავებლებს – იმ პირებს, რომლებიც ბინებს აქირავებენ (მათ შორის საიტების მეშვეობით) სხვადასხვა მიზნებითა და პერიოდულობით.
მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი შეეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ სასტუმრო მომსახურებების შესაბამისად.
„26 თებერვალს სემეკ-ში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც კომისიამ დაინტერესებულ პირებს გააცნო პროექტი ჰიბრიდული ტარიფის მოდელთან დაკავშირებით და მოისმინა მათი მოსაზრებები. სემეკ-ი გააგრძელებს საკითხის სამუშაო რეჟიმში განხილვას და პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – აცხადებენ მარეგულირებელ კომისიაში.
სემეკ-ის ცნობით, დაინტერესებულ პირებს პროექტის ნახვა შეუძლიათ კომისიის ვებგვერდზე.