სემეკ-ში წყლის ახალი ტარიფის დადგენასა და ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებაზე მსჯელობენ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია წყლის ახალი ტარიფის დადგენასა და ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებაზე მსჯელობს.
კომისია ისმენს კომპანიების მიერ წარმოდგენილ ფინანსურ, ტექნიკურ და საინვესტიციო გეგმას, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
წყლის ტარიფის სამწლიანი ვადა 31 დეკემბერს იწურება. სემეკ-მა დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა იქნება მომდევნო სამი წლის განმავლობაში წყლის ტარიფი. დღევანდელი გადაწყვეტილება პირველი იანვრიდან შევა ძალაში.
როგორც სემეკ-ის წევრმა, გივი სანიკიძემ განაცხადა, წყალმომარაგების სექტორში, „ჯივიპის“ ქსელში, რომელიც მოიცავს თბილისისა და რუსთავის წყალმომარაგებას, შეთანხმება მიღწეულია 363 მილიონი ლარის ინვესტიციაზე.
„ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა, გამომდინარე იქიდან, რაც ფაქტობრივად ხორციელდებოდა აქამდე. ეს საშუალოდ ნიშნავს წელიწადში ინვესტიციების გაორმაგებას. სამწლიანი სატარიფო რეგულირების პერიოდი მოქმედებს წყალმომარაგების სექტორში, შესაბამისად, პირველი იანვრიდან უნდა დადგინდეს ახალი ტარიფი, რომელიც იმოქმედებს შემდეგ სამ წელზე. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, რომელიც დღეს იქნება კომისიის მიერ დადგენილი, იმოქმედებს 2024 წლის პირველ ივლისამდე. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზრის ლიბერალიზაციის თარიღი არის 2024 წლის პირველი ივლისი, კანონი გვავალდებულებს, რომ ჩვენ ტარიფებიც ამ თარიღამდე დავადგინოთ. შემდგომ მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება კანონის შესაბამისად“, – განაცხადა სანიკაძემ.