სემეკ-ში აცხადებენ, რომ ენერგეტიკული ბირჟა პირველ სექტემბერს ამუშავებისთვის ტექნიკურად მზად არის
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად ყველა ტექნიკური რესურსი გამართულია.
უწყების ცნობით, ბირჟა ექსპლუატაციისთვის მზად არის.
„სისტემა ბაზრის გახსნისთვის შესაძლოა ითქვას, რომ მზად არის, თუ არ გავითვალისწინებთ იმ გარე რისკებს, რომელიც არსებობს და რომელზეც რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა. საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს და ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. ტექნიკურად სისტემა მზად არის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა პირველ სექტემბერს მიიღებს. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საკითხი ძალიან კომპლექსურია, მთავრობა მსჯელობს და განიხილავს გარკვეულ საკითხებს.