სემეკ-ს სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს
„რეალური ვითარება გამოჩნდება საოპერაციო დანახარჯების სრული აუდიტის შემდეგ. ბუნებრივია, წყალმომარაგების ყველა კომპანია ცდილობს, რომ მიიღოს მეტი შემოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ სამომხმარებლო ტარიფზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, როგორი იქნება წლის ბოლოს დაანგარიშებული ტარიფი.
„პრაქტიკულად იმ ეტაპზე ვართ, რომ რამდენიმე კვირაც კი არ დარჩა სამომხმარებლო ტარიფების გამოცხადებამდე, ამიტომ პროგნოზების გაკეთების ნაცვლად, დაველოდოთ კომისიის მიერ დათვლილ და დადგენილ ტარიფს. ინვესტიციების განხორციელება პირდაპირ კავშირშია სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის გაზრდასთან. ზუსტად ამას ემსახურება საინვესტიციო გეგმები, რომ შემცირდეს სასმელი წყლის მიწოდების წყვეტა, რაც ამ ქალაქში პრობლემაა. სწორედ ამიტომ ვითანხმებთ ამ საინვესტიციო გეგმებს, რომ ვიცოდეთ, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს სასმელი წყლის წყვეტასთან და მის შემცირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირინა მილორავამ.
მისივე თქმით, წყალმომარაგების კომპანიები ცდილობენ საკუთარი საინვესტიციო გეგმების პრეზენტაციისას დაასაბუთონ მეტი შემოსავლის მიღების აუცილებლობა.
როგორც ირინა მილორავამ განაცხადა, სწორედ სემეკ-ის ვალდებულებაა, რომ კომპანიის მოთხოვნასა და მომხმარებელთა ინტერესებს შორის გონივრული ზღვარი გაავლოს.
„რეალური ვითარება გამოჩნდება საოპერაციო დანახარჯების სრული აუდიტის შემდეგ. ბუნებრივია, ყველა კომპანია ცდილობს, რომ მიიღოს მეტი შემოსავალი. იმისთვის არსებობს მარეგულირებელი კომისია, რომ მოახდინოს მათი ხარჯების აუდიტი და დაიყვანოს ეს ხარჯები გონივრულ დონემდე. გონივრული ზღვარი კი ნიშნავს ბალანსის დაცვას მომხმარებლისა და კომპანიის ინტერესებს შორის. ამ ბალანსის დაცვის გარანტიას კი კომისია იძლევა, – განაცხადა მილორავამ.
სემეკ-მა დღეს წყალმომარაგების კომპანიების საინვესტიციო განაცხადები განიხილა, რომელიც ტარიფის დაანგარიშებისას ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.