სემეკ-მა თბოსადგურებისა და ჰესების საწარმოო ტარიფი განიხილა
სემეკ-მა თბოსადგურებისა და ჰესების საწარმოო ტარიფი განიხილა

სემეკ-ის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განმარტებით, საწარმოო ტარიფთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე კომპონენტის განხილვა დარჩა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ოთხი თბოელექტროსადგურის ტარიფი განიხილეს. როგორც მილორავამ აღნიშნა, თბოელექტროსადგურების ტარიფი არის ორ საფეხურიანი, სიმძლავრის საფასური და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი.

„განახვავებული შედეგები დადგა თბოსადგურებთან მიმართებაში, ნაწილს გაეზარდა, ნაწილს შეუმცირდა. განვიხილეთ „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების“ კასკადის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი. ამ სადგურებთან მიმართებაში განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინებით, გვაქვს მცირეოდენი ზრდა. გადაცემის ერთ-ერთი ლიცენზიანტის „საქრუსენერგოს“ გადაცემის ტარიფშიც გვაქვს უმნიშვნელო ზრდა. დარჩენილია კიდევ რამდენიმე საკითხი. განსახილველად ეს ეხება გადაცემის ორ ლიცენზიანტს. „ენერგოტრანსის“ საკითხს დღესვე დავასრულებთ. რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ტარიფს, ჩვენ მოვისმინეთ საოპერაციო და კაპიტალური დანახარჯები საწარმოსთან მიმართებაში. თუმცა დასაზუსტებელია ერთი კომპონენტი, ეს ეხება ამ საწარმოს მიერ დიპეჩერიზაციის საქმიანობის ფარგლებში შესასყიდი დანაკარგების ხარჯს, ამიტომ, ეს საკითხი გადავიდა 25 დეკემბრის სხდომაზე. ასევე გადავიტანეთ „ენერგოპრო“ გენერაციის საკუთრებაში არსებული ხუთი ჰიდროელეტროსადგურის განხილვაც. ჩვენ ერთობლიობაში უნდა შევხედოთ „ენერგო პრო ჯორჯიას“, ვინაიდან სატესტო წელს ეს ორი კომპანია იყო ერთი კომპანია, ამიტომ, ერთი ინფორმაციაა წარმოდგენილი, შესაბამისად, მოგვიწევს მსჯელობა ერთობლივად „ენერგო პრო ჯორჯიას“ განაწილების ტარიფთან ერთად“, – განაცხადა ირინა მილორავამ.

რაც შეეხება, საწარმოო ტარიფის გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე, ირინა მილორავას თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება 26 დეკემბერს გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვაქვს საწარმოო ტარიფთან დაკავშირებით საბოლოო შედეგი, მაინც რჩება ის საკითხი, რომელიც გადავიტანეთ 25 დეკემბრის სხდომაზე. ასევე ჩვენ მოგვიწევს პროგნოზირება საბალანსო ელექტროენერგიის ფასის. სამომხმარებლო ტარიფში რჩება განაწილების ტარიფი „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ და „თელასისთვის“ და შესაბამისად, უკვე 26 დეკემბრის სხდომაზე გვეცოდინება სამომხმარებლო ტარიფები. ჩვენ 25-ში ვაპირებდით სამომხმარებლო ტარიფების გამოცხადებას, ვინაიდან ეს საკითხები გადაიდო, მაღალი ალბათობით 26-ში გავაგრძელებთ სამომხმარებლო ტარიფებზე მსჯელობას“, – განაცხადა ირინა მილორავამ.