საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო, რვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.
სემეკ-ის ინფორმაციით, თითოეულ კომპანიას 5 000 ლარიდან 50 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმა განესაზღვრა, რამაც ჯამში 130 000 ლარი შეადგინა. დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს ერთთვიანი ვადა მიეცათ.
„კომისიამ განიხილა შპს „გაზმშენის“, შპს „მამედის“, შპს „გაზტრანს სერვისის“, შპს „ჩირაღდანის“, შპს „აკრიანი 2006“-ის, შპს „გამას“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ენერგია+“-ის შემოწმების შედეგები, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების პროცესის, მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვისა და სემეკის მოთხოვნების შესრულების შემოწმებას. კომპანიების უმრავლესობას გააჩნდა იდენტური ხარვეზები. კერძოდ, შემოწმებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიები არაჯეროვნად ასრულებენ და რიგ შემთხვევებში, საერთოდ არ ასრულებენ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებს. მათ შორის, ზოგიერთ კომპანიას არ გააჩნია ცხელი ხაზი, სადღეღამისო საავარიო სამსახური, ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის სამსახური.
კომისიამ 50 000 ლარით დააჯარიმა შპს „მამედი“, რომელიც ოპერირებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ყიზილაჯლოში. კომპანია მომხმარებლებს ბუნებრივ გაზს აწვდიდა მის მიერ თვითნებურად დადგენილი ტარიფით – 57 თეთრი/მ3-ით, ნაცვლად სემეკის მიერ დადგენილი ტარიფისა, რომელიც შეადგენს 47 თეთრს/მ3-ზე. კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „მამედმა“ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების მიერ ზედმეტობით გადახდილი თანხების მათთვის უკან დაბრუნება. კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიების მხრიდან დარღვევების განმეორების შემთხვევაში, სემეკ-ი იმსჯელებს მათზე გაცემული ლიცენზიების გაუქმების თაობაზე“, – აღნიშნულია სემეკ-ის ინფორმაციაში.