სემეკ-ის გადაწყვეტილებით, „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა.
შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56.928 თეთრ/მ3-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 56.929 თეთრ/მ3-ს).
სს „საქორგგაზის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი, დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56.990 თეთრ/მ3-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 56.999 თეთრ/მ3-ს).
ახალი სამომხმარებლო ტარიფები ძალაში შევა 2020 წლის პირველ იანვარს და იმოქმედებს 2020 წლის პირველ ივლისამდე. ახალი კანონმდებლობის საფუძველზე დროებითი ტარიფის დადგენა განპირობებულია იმით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზსა“ და სს „საქორგგაზს“ შორის, მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების განაწილების ტარიფში ასახვის პირობებთან დაკავშირებით. მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, კომისია იმსჯელებს კომპანიებისთვის გრძელვადიანი ტარიფების დადგენაზე.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული მექანიზმების გათვალისწინებით, გრძელვადიანი საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის შენარჩუნება არსებული განაკვეთის ოდენობით შესაძლებელი იქნება ე.წ. სოციალური გაზის შესასყიდი ფასის შემცირებით.