სემეკ-ი - იგეგმება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის შემდგომი ნაბიჯები, საჭიროების შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება დამატებითი მარეგულირებელი მექანიზმები ბირჟაზე პოზიტიური გავლენისთვის
პირველი ივლისიდან საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელშიც შენარჩუნებულია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის არსებული სტრუქტურა, მათ შორის თვიური საანგარიშო პერიოდი, მონაწილეებს კი შესაძლებლობა აქვთ, ივაჭრონ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე საათობრივი პროდუქტებით, – ამის შესახებ სემეკ-ის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მარეგულირებლის ცნობით, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად, გარდამავალი მოდელის ფუნქციონირება 2025 წლის პირველი ივლისამდე გაგრძელდება. 2025 წლის პირველი ივლისიდან დაგეგმილია საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და საათობრივი დაბალანსების ამოქმედება.
„ბაზრის გარდამავალ მოდელში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ, ელექტროენერგიის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს და საბითუმო მიმწოდებლებს ამ ეტაპზე ბირჟაზე მონაწილეობა ეზღუდებათ. ბირჟაზე მონაწილეობა შეუძლიათ მსხვილ მომხმარებლებს, მიმწოდებლებს და გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვის, ხოლო დერეგულირებულ ელექტროენერგიის მწარმოებლებს – ელექტროენერგიის გაყიდვის მიზნით. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით, ამგვარი შეზღუდვის განსაზღვრა განპირობებული იყო გარკვეული რისკების მაქსიმალური დაზღვევის მიზნით“, – ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.
როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, ბაზრის ლიბერალიზაცია და თავისუფალი საბაზრო მექანიზმების დანერგვა ზრდის კონკურენციას, ლიკვიდურობას და გამჭვირვალობას, რაც გულისხმობს ქვეყნის ენერგორესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებას, ხარჯების ამსახველ ფასწარმოქმნას და მეტ სოციალურ სარგებელს, ეს კი გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასების შემცირებას უწყობს ხელს.
„ამ რისკების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სამიზნე მოდელის დანერგვამდე აემოქმედებინა გარდამავალი მოდელი, რომელშიც ბაზრის მონაწილეებისთვის შეთავაზებული იქნებოდა ორგანიზებულ სეგმენტზე ვაჭრობაც. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ვებგვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია მონაწილეების, ასევე ჯამური საათობრივი მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ. ამ ეტაპისათვის ბირჟაზე უკვე რეგისტრირებულია ხუთი მონაწილე, ხოლო პოტენციურ მონაწილეთა კიდევ უფრო დიდი რაოდენობა აკვირდება არსებულ მდგომარეობას. ამასთან, სავაჭრო განაცხადებით შეთავაზებული ელექტროენერგია არ გამოიყურება უმნიშვნელოდ ბაზრის გახსნის ამ ეტაპისთვის. ბირჟაზე ვაჭრობის არსებული მდგომარეობა არ არის აცდენილი გარდამავალი მოდელის ამოქმედებამდე არსებულ მოლოდინებს. ბაზრის გარდამავალ მოდელზე დაკვირვება და შეფასება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, ხორციელდება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა, თუმცა საჭიროების მიხედვით გამოყენებული იქნება დამატებითი მარეგულირებელი მექანიზმები ბირჟაზე ვაჭრობაში მონაწილეობაზე პოზიტიური გავლენის მოსახდენად იმ შემთხვევაში, თუ პროცესები მნიშვნელოვნად ასცდება იმ მოლოდინებს, რაც გარდამავალი მოდელის ამოქმედებამდე არსებობდა“, – აღნიშნულია სემეკ-ის განცხადებაში.