სემეკ-თან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში კონკურენციის შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა
სემეკ-თან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში კონკურენციის შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

სემეკ-თან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში კონკურენციის შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა. ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე: „კონკურენციის სამართალი და ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში მისი აღსრულების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“.

„სასწავლო კურსი განკუთვნილია კონკურენციის სამართლის აღსრულებით, მათ შორის, ამ კუთხით ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობით დაინტერესებული სუბიექტებისათვის. კურსი მორგებულია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებზე.

კურსის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ კონკურენციის სამართლის ძირითად ცნებებსა და პრინციპებს.

როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კარტელური გარიგებები და კონკურენციის შემზღუდველი სხვა სახის შეთანხმებები, კონცენტრაციების კონტროლი და კონკურენციის კანონმდებლობის სხვა ინსტიტუტები. ამასთან, მისივე თქმით, ცალკე შეხვედრები დაეთმობა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებას ენერგეტიკის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფინანსურ სექტორებში.

კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები. კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 13 აპრილი, 18:00 საათი“, – აღნიშნულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციაში.