სემეკ-ი - დსთ-სა და ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიასა და გაზზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფები საქართველოშია
სემეკ-ი - დსთ-სა და ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიასა და გაზზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფები საქართველოშია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 2018 წლის ანგარიშში ელექტროენერგიასა და გაზზე საყოფაცხოვრებო ტარიფების სტატისტიკას აქვეყნებს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დოკუმენტში საქართველოში არსებული ტარიფები შედარებულია დსთ-ს და ევროპის ქვეყნებში არსებულ გადასახადებს.

სემეკ-ის ცნობით, ელექტროენერგიის საშუალო ტარიფი საქართველოში (კვტ.სთ. დღგ-ის გარეშე) 18.554 თეთრს შეადგენს. ამაზე იაფი დენი მხოლოდ აზერბაიჯანში (10.464 თეთრი), უკრაინაში (12.545 თეთრი) და რუსეთშია (13.891 თეთრი), სხვა ქვეყნებში კი უფრო ძვირი, მათ შორის სომხეთში (19.704 თეთრი), თურქეთში (27.660 თეთრი), მოლდოვაში (31.209 თეთრი), ესტონეთში (41.245 თეთრი) და საბერძნეთში (57.094 თეთრი). საქართველოზე 5-ჯერ ძვირია ელექტროენერგია დანიაში (95.646 თეთრი).

რაც შეეხება გაზს, საქართველოში საშუალო ტარიფი (თეთრი/კუბ.მ) 52.857 თეთრია. უფრო დაბალია გადასახადი აზერბაიჯანში (19.456 თეთრი) და რუსეთში (22.534 თეთრი), სხვა ქვეყნებში კი უფრო მაღალია, მათ შორის უკრაინაში (71.489 თეთრი), სომხეთში (73.759 თეთრი), თურქეთში (73.883 თეთრი), მოლდოვაში (86.881 თეთრი), ესტონეთში (137.163 თეთრი) და საბერძნეთში (181.972 თეთრი). საქართველოზე 7,4-ჯერ ძვირია გაზი შვედეთში (386.519 თეთრი).