სემ ოზდემირი - რუსეთი საბჭოთა იმპერიის აღდგენას ცდილობს, ამის ნაცვლად ვურჩევდი, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მეზობლებთან
სემ ოზდემირი - რუსეთი საბჭოთა იმპერიის აღდგენას ცდილობს, ამის ნაცვლად ვურჩევდი, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მეზობლებთან

რუსეთი ცდილობს საბჭოთა იმპერიის აღდგენას, ამის ნაცვლად ვურჩევდი, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მეზობლებთან, – ამის შესახებ გერმანიის „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა სემ ოზდემირმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში განუცხადა.

გერმანიის „მწვანეთა პარტიის“ ლიდერს ქართველი ჟურნალისტები რუსულ პროპაგანდაზე და რუსეთის განზრახვებზე ესაუბრნენ. ოზდემირი გერმანიის კანცლერობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო და აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

მისი თქმით, ზოგიერთი მისი კოლეგა ამ შეზღუდვების შეჩერების ინიციატივით გამოდის, რაც მისთვის გაუგებარია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა რუსეთის აგრესია სულ უფრო იზრდება.

„დასავლეთი, სამწუხაროდ, თავადაც თავდასხმის სამიზნეა. პრეზიდენტ პუტინს არ სურს ევროპის სიძლიერე, მან სცადა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადა. ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს ნათქვამი, რომ ევროკავშირის მომავალი ევროპაში წყდება და არა – მოსკოვში”, – ამბობს სემ ოზდემირი.

სემ ოზდემირი რუსეთს ურჩევს, მეზობელ სახელმწიფოებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.

„რუსეთი ცდილობს საბჭოთა იმპერიის აღდგენას, ამის ნაცვლად მე ვურჩევდი რუსეთს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მეზობლებთან, მეზობლებს არ ირჩევენ. მეზობლებს იმდენი საერთო რამ აქვთ, ორივე მხარისთვის კარგი იქნება ყველა საკითხი მშვიდობიანი გზით გადაწყვიტონ, ნაცვლად მეზობლებზე წნეხისა. ჩვენ გვაქვს სანქციები რუსეთის მიმართ და არ არსებობს არანაირი საფუძველი რომ ეს სანქციები შეჩერდეს”,-განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს მწვანეების ალიანსის ლიდერმა, სემ ოზდემირმა.