სელიმ ჩაქერი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის, ამ რთულ ვითარებაში საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს
სელიმ ჩაქერი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის, ამ რთულ ვითარებაში საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) მიესალმება საქართველოს ხელისუფლების დროულ და გადამწყვეტ ქმედებებს კორონავირუსის ეფექტის მონიტორინგის, შეკავებისა და განეიტრალების  მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, სელიმ ჩაქერმა განაცხადა.

ჩაქერმა განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან ერთად, ფეისბუქ-ლაივით გააკეთა.

მისი თქმით, ფისკალური რეაგირების კონტექსტში პირველი რიგის პრიორიტეტი არის წინა ხაზზე ჯანდაცვის ხარჯების უზრუნველყოფა, ხალხის კეთილდღეობის დაცვა, დაავადებულებზე ზრუნვა და ვირუსის გავრცელების შენელება.

„ქართულ მხარეს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ძლიერი გამოცდილება გააჩნია, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა უცხოური და ფისკალური რეზერვების შექმნა. მათი გამოყენება შეიძლება პოლიტიკური რეაგირების ნაწილი გახდეს საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის  ეკონომიკურ ეფექტსა და გავლენასთან საბრძოლველად“, – განაცხადა მან.

ამასთან, ჩაქერის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან პროდუქტიულ თანამშრომლობას, ღია და კონსტრუქციულ დიალოგს.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ შოკის ეფექტისა და გავლენის შესაფასებლად, დროული და გადამწყვეტი ნაბიჯების შესამუშავებლად, რათა პანდემიის ეკონომიკური ეფექტი განეიტრალდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი  მზად არის, საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს ამ გამოწვევებით აღსავსე და რთულ ვითარებაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს გვერდით დგას“, – განაცხადა საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, სელიმ ჩაქერმა ერთობლივ ბრიფინგზე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით მიმართა.