სელიმ ჩაკირი - დონორების დახმარება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს და კრიზისის დაძლევისთვის საკმარისია
მიმდინარე დიალოგი და გატარებული რეფორმები იქნება იმის საფუძველი, რომ პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის პროცესი უფრო გაადვილდეს. საერთაშორისო დონორებისგან მოზიდული ფინანსური დახმარება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს, რაც ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდი წვლილია, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, სელიმ ჩაკირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სამი მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი განიხილეს. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელის მოსაზრებით, ასეთი დიდი დახმარების მიღება საქართველოს მთავრობის სწორი მიდგომის დამსახურებაა და მიმდინარე პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლისთვის საკმარისი იქნება.
„სწორედ იმიტომ ვართ აქ, რომ ქვეყანას მხარი დავუჭიროთ რთულ პერიოდში. როგორც აღვნიშნე, საქართველოს სამთავრობო გუნდმა კარგად იმუშავა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ვფიქრობ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების გამოხმაურებაც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. მიმდინარე დიალოგი და უკვე გატარებული რეფორმები იქნება საფუძველი იმისა, რომ პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის პროცესი უფრო გაადვილდეს. მაგალითად, ჩვენი პროგრამა, რომელიც აპრილში იწურებოდა და რომელიც 2019 წლის დეკემბერში მთავრობის გადაწყვეტილებით ერთი წლით გახანგრძლივდა. ეს მოცემულობა საშუალებას გვაძლევს, სწრაფად ვიმოქმედოთ, ვინაიდან ქვეყანაში უკვე მოქმედებს არსებული პროგრამა. ერთი რამ ნათელია, რომ დონორების კონტრიბუცია არსებითია. ჩვენ 1.6 მილიარდი აშშ დოლარი დავთვალეთ, რაც საჭიროა ამ კრიზისიდან გამოსვლისთვის. ეს ჩვენი სავალუტო ფონდისა და სხვა დონორების მიერ დაფინანსდება. ანუ სამმილიარდიანი სახსრები უკვე მოზიდულია. აქ შედის ბიუჯეტის მხარდაჭერის კომპონენტიც და სახელმწიფო საინვესტიციო პროექტებიც, რომლებსაც დონორები აფინანსებენ. ამას თუ დავამატებთ ფონდის მიერ კერძო სექტორისა და მოქალაქეების მხარდაჭერის კომპონენტსაც, დავინახავთ, რომ ჩვენ არსებით დაფინანსებაზე ვსაუბრობთ, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს. ეს ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდი წვლილია“, – განუცხადა სელიმ ჩაკირმა „ბიზნესპარტნიორს“.