ექსტრემალური სელფის გადაღების მცდელობის დროს 2011-2017 წლებში 259 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC აშშ-ის მედიცინის ნაციონალური ბიბლიოთეკის მკვლევარებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მკვლევარები გამოდიან ინიციატივით, რომ საშიშ ადგილებში შეიქმნას სპეციალური ზონები, სადაც აკრძალული იქნება სელფის გადაღება. ისინი მიიჩნევენ, რომ ამგვარ ზონებად უნდა გამოცხადდეს მთების მწვერვალები, მაღალი შენობების სახურავები და ტბები, სადაც უბედური შემთხვევების უმეტესობა ხდება.
ივლისში ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატში 19 წლის ბიჭი სელფის გადაღების დროს კლდიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ასევე ფატალურად დასრულდა სექტემბერში კალიფორნიის ეროვნულ პარკში სელფის გადაღების მცდელობა – ტომას ფრანკფურტერი 250 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
სელფისთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევები ყველაზე ხშირია ინდოეთში, რუსეთში, აშშ-სა და პაკისტანში. მსხვერპლთა 72%-ზე მეტი მამაკაცია.